კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში ხვალიდან სამარშუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში ხვალიდან სამარშუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამარშუტო ტაქსების მოძრაობა ხვალიდან თელავის მუნიციპალიტეტშიც აიკრძალება.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქს არ აქვს და მგზავრების გადაყვანას კერძო სამარშუტო ტაქსები ახორციელებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა, აკრძალვა შეეხება ასევე სოფლების მიმართულებით მოძრავ სამარშუტო ტაქსებს.

„სამარშუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება როგორც ქალაქ თელავში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე აცნობეს“,- განაცხადა თელავის მერმა.

შოთა ნარეკლიშვილმა დამსაქმებლებს მოუწოდა, გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული ვითარება და დასაქმებულების მიმართ, ვინც ვერ შეძლებს სამსახურში მისვლას დააწესონ გარკვეული შეღავათები.

თელავის მუნიციპალიტეტში ხვალიდან ასევე ფუნქციონირებას წყვეტს კვების ობიექტები, რესტორნები და კაფეები, რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა. აღნიშნულ პერიოდის განმავლობაში, არ არის რეკომენდებული სპორტდარბაზებითა და მსგავსი დაწესებულებებით მომსახურების სარგებლობა.

მუნიციპალიტეტში დაწესებულ შეზღუდვებს სამართალდამცავები გააკონტროლებენ.