კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სწავლების დისტანციურ მოდელზე გადადის
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სწავლების დისტანციურ მოდელზე გადადის

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სწავლების დისტანციურ მოდელზე გადადის. როგორც სასწავლებელში აცხადებენ, ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, ისინი სწავლების ინოვაციურ მიდგომას ნერგავენ.

„ჩვენთვის უმთავრესია სწავლების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და ჩვენი მისიის ერთგულება, რაც გულისხმობს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას. BTU-ში სწავლის პროცესი 16 მარტამდე შეჩერდა. ამ პერიოდში უნივერსიტეტში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა ჩვენი გუნდი მზადაა გარემოებებისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს 16 მარტის შემდეგ. ვითვალისწინებთ, რომ სტუდენტებისთვის დისკომფორტის შემქმნელია არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების რისკი, არამედ აკადემიური კალენდრის ზაფხულის ცხელ თვეებში გადანაცვლების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების დადგომისთანავე ავამოქმედოთ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას.

BTU-ში სასწავლო პროცესი არ ჩაიშლება. სტუდენტების უსაფრთხოებას უახლესი, მძლავრი ონლაინ სასწავლო პლატფორმებით უზრუნველვყოფთ“, – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.