კორონავირუსის საფრთხის გამო, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი და ამჟამად იაპონური „კაშიმა ანტლერსის“ ტექნიკური დირექტორი ზიკო კარანტინში მოათავსეს.
გასული საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ ზიკოს კონტაქტი ჰქონდა „ფლამენგოს“ პრეზიდენტ მაურიციო გომეშ დე მატოსთან, რომელსაც, ექიმები ეჭვობენ, რომ კორონავირუსი აქვს.
დე მატოსი ზიკოსთან ერთად საზოგადოებრივ ღონისძიებას დაესწრო და ეს უკანასკნელი კარანტინში პროფილაქტიკური მიზეზების გამო მოათავსეს. ზიკოს სამედიცინო ტესტების საბოლოო შედეგი 15 მარტს იქნება ცნობილი.
ბრაზილიური მედია იტყობინება, რომ კორონავირუსზე „ფლამენგოს“ მთელი პერსონალი შემოწმდება – ფეხბურთელთა და სამწვრთნელო შტაბის ჩათვლით .
ზიკო, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია არტურ ანტუნეშ კოიმბრა, 1976-1986 წლებში იყო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 71 მატჩი ითამაშა და 48 ბურთი გაიტანა. არის 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და 1982 წლის ესპანეთისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ზიკომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე 14 შეხვედრა ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.
ის ბრაზილიის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება.