კორონავირუსის გამო თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა
კორონავირუსის გამო თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა

„კოვიდ-19“-ის ეპიდემიის მეორე ტალღის შესაჩერებლად, თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა. მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შემზღუდველი რეჟიმი მიმდინარე კვირის პარასკევამდე საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს, ასევე პარასკევს საღამოს 21:00 საათიდან ორშაბათს დილის 05:00 საათამდე.

გარდა ამისა, 20 წლამდე და 65 წელს გადაცილებულ პირებს ეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, რესტორნები კი იმუშავებენ მხოლოდ გატანის სერვისით.

ერდოღანის თქმით, ახალი შეზღუდვები ძალაში შევა სამშაბათს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 31 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების საერთო შემთხვევების რიცხვი კი 500 000-ს გადაცდა.

თურქეთში ვირუსს 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 400 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.