კორონავირუსის გამო, თურქეთის 30 ქალაქში ავტომობილებით შესვლა და გასვლა აიკრძალა
კორონავირუსის გამო, თურქეთის 30 ქალაქში ავტომობილებით შესვლა და გასვლა აიკრძალა

თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო 30 ქალაქში ავტომობილებით შესვლა და გასვლა აკრძალა. აკრძალვა სულ მცირე 15-დღიანი ვადით დაწესდა.

როგორც სააგენტო „ანადოლუ” წერს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ამას გარდა, კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერებისკენ მიმართული ზომების გამკაცრების ფარგლებში, თურქეთში ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის მაღაზიებში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა.

ასევე, თურქეთის ლიდერმა ქვეყანაში ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების შესახებ განაცხადა, რომელიც 20 წლამდე ახალგაზრდებზე ვრცელდება.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, იმ ფაქტმა, რომ თურქეთი აწარმოებს ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველ საჭირო სამედიცინო პროდუქციას, მათ შორის ნიღბებს, ქვეყანა რომელიმე უცხო ქვეყანაზე დამოკიდებულებისგან სრულად გაათავისუფლა.

გასულ კვირას თურქეთმა საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა შეუზღუდა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 425 ადამიანია გარდაცვლილი.