კორონავირუსის გამო, ტაილანდი 18 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან სავიზო რეჟიმს ამკაცრებს
კორონავირუსის გამო, ტაილანდი 18 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ტაილანდი სავიზო რეჟიმს ამკაცრებს.

კერძოდ, 18 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩასვლისას ვიზას ვეღარ მიიღებენ.

ამის შესახებ ტაილანდის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

აქამდე ტაილანდში საზღვარგარეთის პასპორტით ჩასვლა და საზღვარზე, საიმიგრაციო პუნქტებზე ვიზის აღება შეეძლოთ 18 ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს, ბულგარეთის, კვიპროსის, მალტის, რუმინეთის, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ნაურუს, ვანუარუს, პაპუა-ახალი გვინეის, ფიჯის, ბუტანის, ეთიოპიის, მექსიკის და საუდის არაბეთის.

გარდა ამისა, ტაილანდი უვიზო რეჟიმს გააუქმებს სამხრეთ კორეის, იტალიისა და ჰონგ კონგის მოქალაქეებისთვის.

ტაილანდში კორონავირუსის 53 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია ერთი ადამიანი.