კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, ბათუმში რამდენიმე მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, ბათუმში რამდენიმე მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

ბათუმში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართული აქციის რამდენიმე მონაწილემ აჭარის მთავრობის შენობასთან შიმშილობა დაიწყო.

აქციის მონაწილეთა შორის არიან სამორინეების, რესტორნების, სხვა ობიექტების თანამშრომლები, ასევე თურქეთში დასაქმებული პირები.

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ისინი საზღვრების გახსნას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნას, საბანკო პროცენტების ჩამოწერას და კომპენსაციის გაგრძელებას მოითხოვენ.

„ბანკი არ მაძლევს შეღავათს, რითი გადავიხადო?! დავრჩი უმუშევარი, ვინც მუშაობს და სამსახურიდან შორსაა, ისიც ვეღარ მიდის სამსახურში, რადგან ტრანსპორტი არ დადის, გაგვცენ კონკრეტული პასუხები, რას გვიპირებენ“, – ამბობს აქციის ერთე-რთი მონაწილე.

აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა.

მანამდე კი მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ უპასუხა. მინისტრის განცხადებით, აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ განიხილება.