კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1 844 მაღალკურსელი უკვე გადამზადდა
კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1 844 მაღალკურსელი უკვე გადამზადდა

„კოვიდ-19“-ის ეფექტიანად მართვის მიზნით მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1 844 მაღალკურსელმა გადამზადების სწრაფი კურსი გაიარა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგკურსი „კოვიდ-19“ ჰიბრიდული ფორმით (როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად).

გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენს. გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდსიტუაციის მართვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ“, – აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.

მათივე ცნობით, სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება.

„ამ მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა ჩარჩო პროგრამა – „კოვიდ-19-ის ზედამხედველობისა და მართვის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ სავალდებულო შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგკურსის ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელებისთვის. აღნიშნული კონტინგენტის გათვალისწინებით, უნივერსიტეტები ადგენენ იმ სტუდენტთა სიებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, ჩაირიცხონ სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზაში.

ერთკვირიანი ტრენინგკურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე. პროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებს, მათ შორის, მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას.

კურსის ვიდეომასალა განთავსებულია ბმულზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტორიზებული უნივერსტიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელი სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მათივე ცნობით, გადამზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის ტრენერები.