კორონავირუსის ბრიტანული შტამი უფრო მწვავე COVID-19-ს არ იწვევს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
კორონავირუსის ბრიტანული შტამი უფრო მწვავე COVID-19-ს არ იწვევს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტი COVID-19-ის სიმწვავით სხვა შტამებისგან არ განსხვავდება. ამის შესახებ იუწყება ახალი კვლევა, რომელიც ამავე დროს ადასტურებს, რომ ამ შტამის გადამდებობა უფრო მაღალია.

ვარიანტი, სახელად B117 ამჟამად დომინანტი ვირუსული შტამია ევროპის უმეტეს ნაწილში; წინა კვლევები მიუთითებდა, რომ ჩვეულებრივი შტამებისგან განსხვავებით, მასთან სიკვდილიანობის უფრო მაღალი ალბათობა იყო დაკავშირებული.

თუმცა, The Lancet Infectious Diseases-სა და The Lancet Public Health-ში გამოქვეყნებულმა ორმა ახალმა კვლევამ ვერ მიაგნო მტკიცებულებას, რომ B117 შტამით ინფიცირებულ ადამიანებს უფრო მწვავე სიმპტომები ან ხანგრძლივი კოვიდის განვითარების უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე სხვა შტამებით ინფიცირებულებს.

მიუხედავად ამისა, ამ კვლევებმა დაადგინა, რომ ამ ვარიანტს უფრო მაღალი აქვს ვირუსული ჩატვირთვა და რეპროდუქციის მაჩვენებელი, ვიდრე ნორმალურ ვარიანტებს.

პირველი კვლევის ავტორებმა შეისწავლეს COVID-19-ით გასული წლის ბოლოს ინფიცირებული 341 პაციენტის მონაცემები; იმ დროისათვის, B117 შტამი ძლიერ იყო გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში.

დადგინდა, რომ პაციენტთა 58 პროცენტი B117 შტამით იყო ინფიცირებული, 42 პროცენტი კი სხვა შტამებით.

B117-ით ინფიცირებულთა 36 პროცენტს ავადმყოფობა დაუმძიმდა, სხვა შტამების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 38 პროცენტი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობდა კავშირი B117 შტამსა და მწვავე ინფექციის მაღალ რისკს შორის.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული შტამით ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ ინფიცირებული და შემთხვევები უფრო ხშირი იყო ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებში.

PCR ტესტირების მონაცემებზე დაყრდნობით, ჯგუფმა ასევე შეისწავლა გადამდებობის მაჩვენებლები. აღმოჩნდა, რომ B117 შტამის მქონე პაციენტთა ნაცხის ნიმუშებში ვირუსი უფრო მაღალი რაოდენობით იყო, ვიდრე სხვა შტამები ინფიცირებულთა ნაცხებში.

პირველი კვლევის კომენტარში, სინგაპურის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მათი შედეგები განსხვავდება სამი წინა კვლევის შედეგებისგან, რომელთა მიხედვითაც, B117 შტამი სხვა ვარიანტებზე უფრო მომაკვდინებელი იყო.

მათივე განცხადებით, Lancet-ის კვლევა უმჯობესია იმ თვალსაზრისითაც, რომ გამოიყენა სრული გენომური თანმიმდევრობის მონაცემები, პაციენტთა უფრო დიდი მრავალფეროვნება და დაავადების შედეგები.

„დასკვნა, რომ B117 შტამით გამოწვეული ინფექცია არ არის დაკავშირებული სიმწვავისა და სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკთან, დამამშვიდებელია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ დადასტურებას უფრო ფართო კვლევებით“, — წერენ კვლევის ავტორები.

მეორე კვლევაში შეისწავლეს COVID-19-ის სიმპტომების აპლიკაციის 36 920 ბრიტანელი მომხმარებლის თვითმოხსენების მონაცემები; ინფიცირების დადებითი პასუხი მათ გასული წლის 28 სექტემბრიდან 27 დეკემბრამდე ჰქონდათ მიღებული.

დადგინდა, რომ B117 ვარიანტის რეპროდუქციის მაჩვენებელი კორონავირუსის ნორმალურ ვარიანტებზე 1,35-ჯერ მაღალი იყო, მაგრამ მათაც ვერ მიაგნეს მტკიცებულებას, რომ ეს შტამი დაავადების გამწვავებასთან იყოს კავშირში.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.