კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი გაჩიანს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია
კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი გაჩიანს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი გაჩიანს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთის წყაროს მოძიება გრძელდება.

„გუშინ იყო 1145 დადასტურებული შემთხვევა, დაემატა ათი ახალი შემთხვევა და ამჟამად გვაქვს 1155. გამოჯანმრთელდა მხოლოდ ორი და აღნიშნული რიცხვი 929-ს შეადგენს. ათი პაციენტიდან, ხუთი შემთხვევის წყარო გაჩიანია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა. აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას სამი ახალი პაციენტი დაემატა და ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 41 პაციენტი მკურნალობს.

ინფიცირებულების მდგომარეობა ძირითადად საშუალო და მასზე მსუბუქია.

„დღეს კვლავ 41 პაციენტი გვყავს. დაგვემატა სამი ახალი პაციენტი. სამივე არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ორი სატვირთო აბტომობილის მძღოლია, მათ შორის მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადად, საშუალო სიმძიმის და მათზე მსუბუქი პაციენტები მკურნალობენ“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 248 პაციენტი რჩება.

ამასთან, მარინა ეზუგბაია მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ კოვიდი დამარცხებული არ არის და საჭიროა რეგულაციების დაცვა.

„თუ გადავავლებთ თვალს, ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევის დაახლოებით 50 პროცენტი შემოტანილია, დანარჩენი ადგილობრივი წყაროებიდან არის. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მატება თვალსაჩინო არ არის, მაგრამ ვიმეორებ, არ აქვს  მნიშვნელობა, ერთი იქნება ახალი დადასტურებული შემთხვევა, თუ ათი, რადგან კოვიდინფექცია არსად მიდის, არსებობს. ეს დაავადება ალბათ გააგრძელებს ჩვენთან თანაარსებობას. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას მუდმივად ვუმეორებთ, რომ უნდა დავიცვათ რეგულაციები და არ უნდა იყოს ქაღალდზე გაწერილი, ფიქტიური. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში უნდა ვიყოთ დისტანცირებულები, სადაც დისტანცირებულები არ ვართ, იქ პირბადები ვატაროთ, დიდი თავშეყრის ადგილებს მოვერიდოთ და თავად არ შევქმნათ ასეთი თავშეყრის ადგილები. ვიდრე არსებობს კოვიდინფიცირებულები, ასეთი რეგულაციები საჭიროა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.