კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ლენჯერს უკავშირდება, სამი იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალი და ერთზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ლენჯერს უკავშირდება, სამი იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალი და ერთზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ლენჯერს უკავშირდება, სამი იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალი და ერთზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ასევე,  ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გამოჯანრთელებული პირების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უცვლელია და 81 პროცენტს შეადგენს.

„დღეს დადასტურებული ცხრა ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო ლენჯერია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალია აფხაზეთიდან და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა. გამოჯანრთელებული პირების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უცვლელია და 81 პროცენტს შეადგენს. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 245 დადასტურებული პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პაციენტის მდგომარებაა კრიტიკული.

„გუშინ გვყავდა ხუთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი, დაგვემატა ერთი და ამჟამად გვყავს ქვეყანაში ექვსი კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომლებიც კოვიდცენტრების რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. 22 პაციენტის მდგომარეობა გახლავთ მძიმე, დანარჩენი  პაციენტების მდგომარეობა გახლავთ საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, გუშინ გვყავდა 38 დადასტურებული შემთხვევა, ჩვენთან გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი, დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით გვყავს 36 დადასტურებული შემთხვევა. სამი ახალი პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ჩვენს ცენტრში 35 პაციენტიდან გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი და ორი მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 370 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა და ამჟამად 1108-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.