კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ოთხი გაჩიანს უკავშირდება, სამი შემოტანილია, ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ოთხი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, სამის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„გუშინ გვქონდა 1182 დადასტურებული შემთხვევა. დაემატა 15 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები გაიზარდა თორმეტით. ამ მონაცემების მიხედვით, სამედიცინო ცენტრებში სულ 244 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან, ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო გაჩიანია, სამი არის შემოტანილი, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, კიდევ ერთი დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდანაა, ოთხი პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო კიდევ სამი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი პაციენტი დაემატა.

„ჩვენს ცენტრს რაც შეეხება, დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა და ჯამში, კლინიკაში 40 ინფიცირებული მკურნალობს. ამ ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი გაჩიანს უკავშირდება, ერთი არის შემოტანილი და ერთი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ყველა ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.