კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი შემოტანილია
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი შემოტანილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ ორი შემოტანილია.

„დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაგვემატა, იყო 1278 და ახლა არის 1283. ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, აქედან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი ათით გაიზარდა. იყო 1058 და გახდა 1068.

ამ მონაცემებით, დღეს კოვიდცენტრებში სულ 198 პაციენტი მკურნალობს. მათგან შვიდი ინფიცირებული არის კრიტიკული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, 17 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა სტაბილური. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 83-ია, ლეტალობის – 1.33 პროცენტი“, – განაცხადა მარინა ეზუგბიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში სულ 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დაავადების პროგრესირება აღარ შეინიშნება.

„რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, გუშინ გვყავდა 32 პაციენტი, კლინიკას ახალი ინფიცირებული არ დამატებია. აქედან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არც ერთ მათგანთან დაავადების პრიგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი გახლავთ“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.