კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი რუსთავში გამოვლინდა, ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი პირველკლასელია
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი რუსთავში გამოვლინდა, ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი პირველკლასელია

კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან ხუთი რუსთავს უკავშირდება, ინფიცირებულებს შორის ერთი-ერთი პირველკლასელია.

პაციენტები დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ისინი თბილისში, კოვიდმიმღებ ცენტრებში უკვე გადაიყვანეს.

ქვემო ქართლის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, მიუხედავდ იმისა, რომ სკოლაში, სადაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად არის დაცული, პირველკლასელები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

,,გვქონდა ორი საეჭვო შემთხვევა, იყო ვარაუდი, რომ სკოლის მოსწავლე შესაძლოა, ყოფილიყო დაინფიცირებული. ორივე დადასტურებულ შემთხვევასთან – ოჯახის წევრთან კონტაქტში მყოფი პირია. ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა ვირუსი. ბავშვი, რომელიც #4-ე სკოლაში ხუთშაბათს და პარასკევს იყო, იზოლაციაშია გადაყვანილი, როგორც კონტაქტი. სკოლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ, ყველა იმ წესების, რეკომენდაციების დაცვით გააგრძელონ სწავლა და მშობლებსაც შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

მეორე შემთხვევაში სამწუხაროდ, დადასტურდა „კოვიდი“. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად არის დაცული სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, ვინაიდან პატარები არიან და ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქცევას, გადაადგილებას, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ეს კლასი ონლაინსწავლებაზე და იზოლაციაში გადავიდეს. ამ პერიოდში მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა ყოველდღიურად განხორციელდება. ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა დაექვემდებარება შესაბამის კვლევას. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან სწავლას.

სკოლაში დღეში რამდენჯერმე მუშავდება როგორც საკლასო ოთახები, ასევე დერეფნები. ამასთან, დღეს საასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში სპეციალისტების ჯგუფი ჩაატარებს გენერალურ დეზინფექციას. მინდა, მშობლებს ვუთხრა, რომ აბსოლუტურად კონტროლდება ვითარება, უსაფრთხოა სწავლა, თუმცა მშობელს მინიჭებული აქვს უფლება, მოითხოვოს ონლაინსწავლებაზე გადასვლა“, – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.