კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან, 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: სამწუხაროდ, შემთხვევებმა მოიმატა თბილისში, 44 პროცენტია, რაც შეესაბამება 297 ახალდადასტურებულ შემთხვევას. აჭარაში ინფიცირების რაოდენობა მცირედით შემცირდა, 189 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში 150 ინფიცირებულია, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. კერძოდ, შიდა ქართლში არის 12 შემთხვევა, ქვემო ქართლში – 11, მცხეთა-მთიანეთში- ცხრა, გურიაში- ექვსი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – სამი, კახეთში არის ორი და სამცხე-ჯავახეტში ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსისგან 292 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულების საერთო რაოდენობა არის 7 159“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან ოთხი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.

„ამჟამად, ჩვენ გვყავს 62 კოვიდინფცირებული, ორი არის შესაძლო შემთხვევა, ტრიაჟი. ინფიცირებულის შვილებს აქვთ ცხელაბა და სავარაუდოდ, ვირუსი დადასტურდება. ოთხი კოვიდინფიცირებული ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული, მათგან ორი მართვით სუნთქვაზეა. ასევე გვყავს ჟანგბადდამოკიდებული მძიმე პაციენტები და გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.