კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 225 აჭარას, 35 თბილისს, 22 კი იმერეთს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 225 აჭარას, 35 თბილისს, 22 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარას, 35 კი თბილისს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„დაემატა 314 ახალი პაციენტი. კვლავ ლიდერობს აჭარა 72 პროცენტით, ეს არის 225 შემთხვევა, თბილისში არის ცხრა პროცენტი – 35 პაციენტი, იმერეთში 22 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18, შიდა ქართლში – ცხრა, სამცხე-ჯავახეთში – სამი, გურიაში – ერთი, ქვემო ქართლში – ერთი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ამჟამად მკურნალობას გადის 3 542 ინფიცირებული, მათგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

„25 არის კრიტიკული, აქედან 23 მართვით სუნთქვაზეა. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან შვიდი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი“, – აღნიშნა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზადაა, კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილ შემთხვევებს გაუმკლავდეს.

„ჯანდაცვის სისტემა სრულად მზადყოფნაშია. რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ვითარება საგანგაშოდ არ მიიჩნევა, მაგრამ ძალიან საყურადღებოა და სერიოზული გაფრთხილება სჭირდება. ჯანდაცვა მზად არის როგორც საქართველოს ყველა სხვა რეგიონში, ასევე აჭარაში. აჭარაში, როგორც ვიცი, 8 სტაციონარი ემსახურება, ყოველთვის თავისუფალია ადგილები მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტებისთვის, ასევე არის საკარანტინო სასტუმროები, სადაც მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები. ნაწილი რჩება ბინაზე, ეს გახლავთ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები, ისინიც იმყოფებიან მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ენდელაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე საპასუხოდ მარინა ენდელაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ჯერჯერობით მწვანე ზონაში რჩება.

„ვფიქრობ, საქართველო ჯერჯერობით ისევ მწვანე ზონაშია“, – განაცხადა ენდელაძემ.