კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ორი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ორი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ორი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული , – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დაგვემატა 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან ორი არის გაჩიანიდან, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და სამი იმპორტირებული.  იმპორტირებული შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 44-ით. უმეტესი ნაწილი, ნახევარზე მეტი გახლავთ ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები, დანარჩენები ჩვენს ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევებია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დღევანდელი მონაცემებით, „კოვიდცენტრებში“ მკურნალობს 194 პაციენტი პაციენტი. რვა არის კრიტიკული, ეს პაციენტები მკურნალობენ შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ასევე, 14 პაციენტია ინფექციის მძიმე მიმდინარეობით. დანარჩენ ინფიცირებულთა უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კონკრეტულად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკას ცხრა ახალი ინფიცირებული დაემატა, სამი კი გამოჯანმრთელდა.

„ჩვენთან გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი, დაგვემატა ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეს გვყავს 33 კოვიდდადასტურებული პაციენტი. ახალი შემოსულებიდან ერთი არის სასაზღვრო ზონიდან კონტაქტირებული პაციენტი, დანარჩენი რვა კი მესტიის მუნიციპალიტეტიდან ჩამოყვანილი პირები არიან. ახალი პაციენტების მდგომარეობა, არსებული კვლევებით, მძიმედ არ ფასდება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი, განკურნებულთა რაოდენობა 1 054-ს შეადგენს.