კორონავირუსი „უოსფზის“ შვიდ მორაგბეს აქვს - „პრემიერშიფის“ ფინალში, შესაძლოა, „ბრისტოლ ბეარსმა“ ითამაშოს
ინგლისის „პრემიერშიფის“ ფინალი 24 ოქტომბერსაა დაგეგმილი და მასში ერთმანეთს ლონდონის „უოსფზი“ და ექსეტერული „ჩიფსი“ უნდა დაუპირისპირდნენ, მაგრამ დედაქალაქელების შვიდ წევრს კორონავირუსი აქვს და შესაძლოა სეზონის დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობა სხვა გუნდმა მიიღოს.
გუშინ, კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ COVID-19 შემადგენლობის კიდევ სამ წევრს დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ბოლო ხუთ დღეში ვირუსი გუნდის შვიდ წევრს აღმოაჩნდა. კითხვაზე – ახერხებს, თუ არა „უოსფზი“ ფინალში მონაწილეობას, პასუხი ოთხშაბათს გვეცოდინება, როდესაც მისი წევრების მორიგი ტესტირება მოხდება.
კლუბი, რომელმაც შესაძლოა „უოსფზი“ ჩაანაცვლოს – „ჩელენჯ ქაფის“ მომგები „ბრისტოლ ბეარსია“. „დათვები“ ლონდონელებმა პრემიერშიფის ნახევარფინალში დაამარცხეს.
„ბეარსის“ მორაგბეები სანაკრებო შეკრებებზე არ გაემგზავრნენ და დღეს ვარჯიშსს განაახლებენ, რათა ფინალში მონაწილეობის შემთხვევაში მატჩს მომზადებულები შეხვდნენ.
საგულისხმოა, რომ ინფიცირებულ მორაგბეებიდან ძირითადი გუნდის წევრებთან ურთიერთობა მხოლოდ ერთს ჰქონდა. „უოსფზი“ ჯერჯერობით დამატებით კომენტარს არ ავრცელებს.