კორონავირუსის გამო, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში სპეციალური წესები ამოქმედდა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები უნდა დაიცვას.
„საქართველოს პორტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული ცირკულარის შესაბამისად მოქმედებს შემდეგი წესები: საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს საზღვაო სამედიცინო-სანიტარული დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტის მოწოდების შემდგომ, ნავსადგურში, საღუზე რაიონში ან რეიდზე დგომისას, ახალი საეჭვო გარემოების გაჩენის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული ფაქტის შესახებ ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. წარმოდგენილი დოკუმენტის და/ან სკრინინგის მეშვეობით დადასტურებული COVID-19 კორონავირუსის დადგენის შემთხვევაში, მაქსიმალურად შეიზღუდოს კონტაქტი მცურავ საშუალებასთან, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, მოქმედი სალოცმანო კომპანიების ლოცმანები, ვალდებული არიან გემზე ასვლისას გამოიყენონ პირადი დაცვის საშუალებები, კერძოდ: პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანები და უსაფრთხო სათვალე. თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრი(ები) ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რისკჯგუფის ქვეყნებში (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია), ისინი დაექვემდებარონ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურ სამსახურის თერმოსკრინინგს და საჭიროების შემთხვევაში მათ მიმართ შეივსება მგზავრის სააღრიცხვო ბარათი. აღნიშნული საფრთხის მქონე ქვეყნებიდან მოსული გემების ეკიპაჟის წევრების მიმართ, უნდა შეიზღუდოს საზღვრის გახსნა“, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
უწყების ცნობით, იმ გემების მიმართ, რომლებიც დგებიან უნავმისადგომო ნავმისადგომებთან და მოემართებიან რისკჯგუფის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა,იტალია) სპეციალური საკარანტინო შემოწმება უნდა ჩატარდეს უნავმისადგომო ნავმისადგომზე. შემოწმების დასრულებამდე, იკრძალება ნებისმიერი კერძო თუ სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების გემზე ასვლა.