კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა
კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ კორეის გამოცდილებას ციფრული მმართველობის, ელექტრონული სახელმწიფო სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კორეის რესპუბლიკა ციფრული მმართველობის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სახელმწიფო სერვისებს მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფს, მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.
„ძალიან შთამბეჭდავი იყო გამოცდილება, რომელიც კორეელმა პარტნიორებმა გაგვიზიარეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული. უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც ქართველ და კორეელ სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ ახალი მიდგომები და ინოვაციური პროექტები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
ცენტრი ორი ქვეყნის პრაქტიკული თანამშრომლობის პლატფორმა გახდება. ერთობლივი მუშაობის ძირითად მიმართულებებს შორისაა ვირტუალური ასისტენტის განვითარება, ციფრული იდენტობა, ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო სერვისებში ინტეგრაცია და სხვა თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებები.
„კორეელ კოლეგებთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებშიც თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ შორისაა ვირტუალური ასისტენტი, ციფრული იდენტობა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებში. ამ ტექნოლოგიების დანერგვა საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად მივაწოდოთ“, – განაცხადა ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძემ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან ერთად, არიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.