კოპენჰაგენში ოქტომბერში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის დროს უსაფრთხოების დაცვაში გერმანელი სამხედროებიც ჩაერთვებიან
კოპენჰაგენში ოქტომბერში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის დროს უსაფრთხოების დაცვაში გერმანელი სამხედროებიც ჩაერთვებიან. როგორც ბუნდესვერში განაცხადეს, გერმანელი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების არაფორმალური სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
გერმანიის შეიარაღებული ძალების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, დანიამ დახმარების თხოვნით სხვადასხვა ქვეყნებს და მათ შორის გერმანიასაც მიმართა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა და ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა, კარსტენ ბროირმა მიიღეს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილონ კოპენჰაგენის თხოვნა.
გერმანელი სამხედროები ადგილზე მონაწილეობას მიიღებენ დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევაშიც.
ბუნდესვერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს დანიასა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, და ასევე ევროპელი პარტნიორების მზადყოფნასა და სოლიდარობას ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე. კოპენჰაგენში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი პირველ ოქტომბერს გაიმართება. ამის შემდეგ კი შედგება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში დანიაში არაერთხელ დააფიქსირეს ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც აეროპორტებისა და სამხედრო ობიექტების სიახლოვეს გადაადგილდებოდნენ.