თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინდელი კონტრაქციისას დაკავებული პირების სასამართლო მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის, სამ დაკავებულს 1 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციაზე გუშინ 28 პირი დააკავეს, რომელთაგანაც 21 გვიან ღამით ხელწერილის საუძველზე გაათავისუფლეს.
გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია არ გაემართათ. ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.
მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.