კონსტიტუციის ახალი გამოცემის პრეზენტაცია 24 აგვისტოს გაიმართება​
კონსტიტუციის ახალი გამოცემის პრეზენტაცია 24 აგვისტოს გაიმართება​

კონსტიტუციის ახალი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც მომზადებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და დაბეჭდილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, 24 აგვისტოს გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამ თვეში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ფინანსური მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ის ასპექტები, გარდა სხვა ასპექტებისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარი სახის ავტორიტარიზმს, ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამ კონსტიტუციის უმთავრესი მიღწევა. კონსტიტუციის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დაგვებეჭდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემა. ამასთან, მადლობას გადავუხდი ჩვენს გერმანელ მეგობრებს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, რომელიც დაგვეხმარა ამ საქმეში. დაიბეჭდება ახალი გამოცემა, რომელიც უნდა გახდეს სამაგიდო წიგნი პოლიტიკოსებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, თქვენთვის – ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მოქმედი კონსტიტუციისგან განსხვავებით, ახალი კონსტიტუცია გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტიას ქმნის.