კოტე ჟღენტი – 7 აგვისტოს, საღამოს მომივიდა წერილი საგარეოდან, პრაქტიკულად, მთლიანად ყოფილ სამხრეთ ოსეთს ვაკონტროლებთო, უნგრეთის საელჩოში მისვლისას ჩამირთეს „სიენენი“, სადაც ეკა ზღულაძე ამბობდა, ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანთან აუხვიაო
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება, დიპლომატ კოტე ჟღენტს უსმენენ, რომელიც 2004-2006 წლებში ავსტრიასა და უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.
კოტე ჟღენტმა გაიხსენა, რომ უნგრეთში ელჩად ყოფნისას, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცირკულარული წერილი მიუვიდა.
„2008 წლის 7 აგვისტოს, საღამოს მომივიდა ცირკულარული წერილი სამინისტროდან. 7 აგვისტოს მივიღე, რადგან 8 აგვისტოდან გაითიშა ყველაფერი, არანაირი კონტაქტი აღარ იყო საქართველოსთან. კარგად მოგეხსენებათ, რა არის ცირკულარული წერილი, ყველა საელჩოსა და წარმომადგენლობებს დაუგზავნეს. ამ წერილში ეწერა იგივე, რაც ძალიან ხშირად მოგვისმენია, როცა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის კადრებს აჩვენებენ. წერილში ეწერა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ, პრაქტიკულად, მთლიანად ყოფილ სამხრეთ ოსეთს, ჯავის გარდა, გასული ვართ გვირაბთან, აღვადგინეთ წესრიგი და ახლა წაბრძანდით ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოითხოვეთ შეხვედრა მინისტრთან ან მოადგილესთან, იმუშავეთ იმაზე, რომ რუსეთს ამაზე არ ჰქონდეს მწვავე რეაქცია, რუსეთისგან ამას არ მოჰყვეს აგრესია საქართველოს მიმართო“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.
კოტე ჟღენტს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა მიმართა დამაზუსტებელი კითხვით: „კომისიაზე ყველა პირმა, რომელიც გამოიკითხა, მათ შორის გენერლებმა, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ან უნდა ეხელმძღვანელათ ამ მოქმედებებისთვის, თქვეს, რომ 7 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 23:45 წუთზე დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. მანამდე არაფერი ხდებოდა ქვეყანაზე. ორი საათია განსხვავება ამ შემთხვევაში უნგრეთისა და საქართველოს დროს შორის და თქვენ 7 აგვისტოს, საღამოს 23:00 საათამდე ბევრად ადრე მიიღეთ ეს ცირკულარი, უკვე ვაკონტროლებთ გარკვეულ ტერიტორიასო? საერთოდ არ არის საბრძოლო მოქმედებები დაწყებული და ცირკულარი მოდის, პრაქტიკულად, როკის გვირაბამდე ტერიტორიას ვაკონტროლებთთო?“ – რაზეც ჟღენტმა აღნიშნა:
„კი. საგარეო საქმეთა სამინისტროში აუცილებლად იქნება ეს წერილი. უბრალოდ იმას ვერ შევინახავდი, ოფიციალური დოკუმენტია. 8 აგვისტოს, დილით წავედი საგარეო საქმეთა სამინისტროში. იქ ერთი ქალბატონი იყო, რომელიც ჩვენს დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მოსკოვში ჰქონდა დამთავრებული და რუსულად მშვენივრად საუბრობდა, რაღაც პერიოდი მუშაობდა კიდეც რუსეთში უნგრეთის საელჩოში. ამ ქალბატონმა მითხრა, მინისტრი არ არის, წასულიაო. მაშინ მოადგილესთან შემიყვანე-მეთქი. მაჩვენე, რა მოიტანეო. წაიკითხა და მეუბნება, დღეს დილით „სიენენს“ უყურეო? არ მიყურებია, ისე წამოვედი, არ მინახავს-მეთქი. შემოდი ჩემთან კაბინეტშიო. შევედით და ჩამირთო „სიენენი“. ზუსტად იმ მომენტში ჩართო, ეკა ზღულაძე რომ ამბობს, ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანთან აუხვიაო. ახლა ეს წერილი როგორ მივცე გინდ მოადგილეს, გინდ მინისტრსო. ასეთი სირცხვილი ჩემს ცხოვრებაში, როგორც დიპლომატს, არ განმიცდია, რაც იქ განვიცადე. ვიფიქრე, ახლა ამ ადამიანს რა ვუპასუხო-მეთქი. ეტყობა, ისე სწრაფად მოხდა ეს მოვლენები, ისე სწრაფად მივიდნენ თბილისთან, რომ უკვე აზრი აღარ აქვს ამ წერილის თქვენთან გადმოცემას-მეთქი. ბოდიში მოვუხადე, ავიღე წერილი და წამოვედი“.
ამასთან, კომისიის სხდომაზე კოტე ჟღენტმა უზბეკეთში ელჩად ყოფნისას ერთ-ერთ დიპლომატთან საუბარი გაიხსენა.
„მეორე მომენტი იყო, როცა უკვე ახალი ხელისუფლების შემდეგ უზბეკეთში ვიყავი ელჩი, კარგი ურთიერთობა მქონდა ლატვიის ელჩთან. ჩემთან შედარებით ახალგაზრდა იყო, მაგრამ ძალიან განათლებული. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. კიდევ ერთი დიპლომატი იყო სლოვენიელი, რომელიც ევროკავშირის ელჩი იყო უზბეკეთში და მათთან ვმეგობრობდი. ხშირად ერთად ვისხედით ხოლმე. 2015 წელს დამნიშნეს უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, და ალბათ უფრო 2015 წელია, ვსხედვართ და მეუბნება, ჩემმა კოლეგამ, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მუშაობს, მითხრა, საქართველოს ელჩი დადის და ყველგან ლაპარაკობს, რომ კარგი თუ რამე გააკეთა საქართველოში ვინმემ, ეს მიხეილ სააკაშვილია, მის მერე, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულაო. მკითხა, ახალი მთავრობა ან რას აკეთებთ, ან ელჩი ასე რატომ ლაპარაკობს კოლეგებთანო? ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი, არ მგონია, ასე იყოს-მეთქი. დიპლომატი და ელჩი როცა ხარ, არ შეიძლება, რომელიმე პარტიის ელჩი იყო. ეს ცნობილი ამბავია და დიპლომატიის სახელმძღვანელოებში წერია. შენ წარმოადგენ ქვეყანას, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა. ამის შეგრძნებას როცა კარგავ და რომელიღაც პოლიტიკური ძალის ელჩი ხდები, მაშინ ისე ვერ ასრულებ. რა თქმა უნდა, როცა ელჩი ხარ, სულ მცირე, ლოიალური უნდა იყო არსებული მთავრობისა და მისი პოლიტიკის მიმართ. თუ არა, უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე. თუ მუშაობ, ამის გაკეთება არანაირად არ შეიძლება, რომ წინა მთავრობის მომხრე იყო და, თუნდაც საუბრით, ზიანი მიაყენო“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.