კონსტანტინ ზატულინი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს უნდა დავეხმაროთ
კონსტანტინ ზატულინი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს უნდა დავეხმაროთ

რუსეთის დუმის წევრმა, კონსტანტინ ზატულინმა, საკანონმდებლო ორგანოში გამართული განხილვის დროს განაცხადა, რომ „მოსკოვი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს უნდა დაეხმაროს“.

„როდესაც ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა იმყოფება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც, სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ ვაღიარეთ, ეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებითაც, თუ ეს საჭირო გახდება. რადგან, მათ ჩვენს გარდა არავის იმედი აქვთ“, – განაცხადა კონსტანტინ ზატულინმა.

ზატულინმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უცხოელებისთვის საზღვრების დახურვის საკითხზე და თქვა, რომ „ეს შეზღუდვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფ პირებს არ უნდა შეეხოს“.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ, კონფლიქტის პირობებში ცხოვრობენ. ამ რესპუბლიკების საზღვრებზე უნდა გაჩნდეს სამედიცინო შემოწმების დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის ტესტირებისთვის, თუმცა მათთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვა არაჰუმანური იქნება“, – განაცხადა ზატულინმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლები რუსეთში ჩასვლას მხოლოდ რუსეთის პასპორტებით შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე 16 მარტს გამოქვეყნდა.