კონსტანტინ კოსაჩოვი - უახლოეს მომავალში რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში გარღვევა მოსალოდნელი არ არის
კონსტანტინ კოსაჩოვი - უახლოეს მომავალში რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში გარღვევა მოსალოდნელი არ არის

უახლოეს მომავალში რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში გარღვევა მოსალოდნელი არ არის და პროცესის დასტაბილურებას რამდენიმე თვე დასჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია „ევრონიუსს“, საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კონსტანტინ კოსაჩოვის თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ არ იქნება ახალი პროვოკაციები, რადგან ის, რაც საქართველოს პარლამენტში და ქართულ ტელევიზიაში მოხდა, იყო პროვოკაცია, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზების ჩაშლას ისახავდა მიზნად. კოსაჩოვმა ასევე აღნიშნა, რომ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ბევრია გასაკეთებელი და მხარეები სასწაულებს არ უნდა ელოდონ.

თავის მხრივ, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გიორგი ლომიამ თქვა, რომ კრიზისული ვითარების დასაძლევად შეხვედრაზე რამდენიმე შესაძლო მიმართულებაზე იყო საუბარი. ლომიას განცხადებით, დეტალებზე საუბარი არ იქნება, რადგან, ვინც საქართველოს და რუსეთს შორის კარგ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება, შესაძლოა გეგმების ჩაშლას შეეცადოს.