კონსტანტინ კოსაჩოვი - დასანანია, თუ ნატო-ში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებას თურქეთი მხარს უჭერს
კონსტანტინ კოსაჩოვი - დასანანია, თუ ნატო-ში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებას თურქეთი მხარს უჭერს

თურქეთი ნატო-ში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებას თუ მხარს უჭერს, ეს სინანულს იწვევს, რადგან უპასუხისმგებლო დაპირებები ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს თავბრუს ახვევს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა აზერბაიჯანულ გამოცემა „ჰაქინთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კოსაჩოვის თქმით, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს მიახლოება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და მოსკოვი მოვლენების მსგავს განვითარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს წინსვლა რუსეთის საზღვრებისკენ, ეწინააღმდეგება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მოვლენების ასეთ განვითარებას. რაც შეეხება თურქეთს, მე არ გავაიდეალებდი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს. ჩვენ ვისწავლეთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა სხვადასხვა აქტუალური საკითხების მოგვარების კუთხით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მსგავსი პოზიციით გამოდიან სხვადასხვა საერთაშორისო ასპექტთან მიმართებაში. ჩვენს ურთიერთობებში არის გადაუდებელი, საგანგაშო საკითხები. თუ ანკარა მხარს უჭერს ნატო-ში საქართველოს დაჩქარებულად შესვლას, ეს სინანულს იწვევს, რადგან 2008 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოსთვის უპასუხისმგებლო დაპირებები ზოგიერთ ქართველი პოლიტიკოსს თავბრუს ახვევს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარებას ამძიმებს“, – განაცხადა კონსტანტინ კოსაჩოვმა ინტერვიუში.

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიებზე ისაუბრა.  „საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.