კონსტანტინ კოსაჩოვი - აშშ-ის „შავი სია“ კრემლის სატელეფონო ცნობარს მაგონებს
კონსტანტინ კოსაჩოვი - აშშ-ის „შავი სია“ კრემლის სატელეფონო ცნობარს მაგონებს

რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის კონსტანტინ კოსაჩოვის თქმით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილ ანგარიშში მოცემული „შავი სია“ კრემლის სატელეფონო ცნობარს ჰგავს.

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები სასოწარკვეთილი არიან, რადგან რუს პოლიტიკოსებზე დანაპირებ კომპრომატებს ვერ მიაგნეს და უბრალოდ კრემლის ტელეფონის ცნობარიდან მონაცემები გადაიწერეს“, – აცხადებს კოსაჩოვი.

მისივე თქმით, ანგარიში ცხადჰყოფს, რომ აშშ-ის მსგავსი პოლიტიკა სერიოზულია და ეს დიდხანს გაგრძელდება.

„პოლიტიკური პარანოია როგორც აღმოჩნდა, ძნელად იკურნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი არ აღიარებს, რომ ავად არის და მკურნალობაზე უარს ამბობს. შედეგები იქნება მომწამვლელი და სამომავლო ურთიერთობებს ძირს უთხრის. ნორმალური ურთიერთობები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიდხანს აღარ იქნება“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

„კრემლის ანგარიში“ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დღეს გაასაჯაროვა, მასში მოცემულია 210 რუსი პოლიტიკოსისა და ოლიგარქის სია, რომლებიც პუტინის უახლოეს წრეს წარმოადგენენ და შესაძლოა, დაკავშირებულები იყვნენ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმესთან. ჯერ ამ პირების წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა.