კონსოლიდებული ტენდერის მონაწილეებისთვის, სავარაუდოდ, გასაჩივრების ახალი მექანიზმი შეიქმნება
კონსოლიდებული ტენდერის მონაწილეებისთვის, სავარაუდოდ, გასაჩივრების ახალი მექანიზმი შეიქმნება

კონსოლიდებული ტენდერის მონაწილეებისთვის, სავარაუდოდ, გასაჩივრების ახალი მექანიზმი შეიქმნება. ამასთან, ტენდერის გასაჩივრებისას მისი შეჩერება გახდება შესაძლებელი. ამ საკითხზე დღეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ბიზნესასოციაციები შეთანხმდნენ.

კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე რამდენიმე დღის წინ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. ზამბახიძე დღეს არ გამორიცხავს, რომ ამ კუთხით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც შევიდეს.

„დღევანდელი კანონმდებლობით, კონსოლიდებულ ტენდერებთან მიმართებაში არ მოქმედებს დავების საბჭო. საქმე უნდა გადავიდეს სასამართლოში. სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეაჩეროს ტენდერი. დავა დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდება, ტენდერის ვადა კი, ერთი წელია. პარადოქსულია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოიგე დავა სასამართლოში, ზარალი არ გინაზღაურდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზამბახიძემ.

შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც ესწრებოდა, რომელიც მოქმედი წესის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ როგორც ჩვეულებრივი ტენდერების პირობებში, კონსოლიდებული ტენდერების პირობებშიც უნდა არსებობდეს გასაჩივრების მექანიზმი. პრეტენზიების განხილვამდე, უნდა მოხდეს ტენდერის მიმდინარეობის შეჩერება“, – აღნიშნა ლექვინაძემ.