კონორ ო'ში - ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან მოგება
10 ნოემბერს „ბორჯღალოსნები“ ფლორენციაში იტალიას ესტუმრებიან. აღნიშნულ შეხვედრას independent.ie-ს ჟურნალისტი ქიან ტრეისი, ვრცელი სტატიით გამოეხმაურა –
„აძურის“ მთავარი მწვრთნელი, ირლანდიელი კონორ ო’ში თვლის, რომ საქართველოსთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ჩიგაკოში, ირლანდიასთან სათამაშოდ პრაქტიკულად მეორე გუნდით გაემგზავრა.
„საქართველო? ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტესტ მატჩი. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ველოდებით როდის დაიწყება თამაშები. ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო სწორედ ახლა გამოჩნდება. რაც მთავარია, ნაკრებში შიდა კონკურენცია გაძლიერდა, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს.“ – განაცხადა ირლანდიელთა თავკაცმა.
მსოფლიო თასის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, სწრაფად პროგრესირებად ქართველებთან მარცხი, ო’შის წნეხის ქვეშ მოაქცევს.
იმაზე, უნდა იყოს თუ არა იტალია „ექვს ერში“, უკვე ბევრი საუბრობს და მათი მთავარი კონკურენტი სწორედ საქართველოა. საშინაო არენაზე „ბორჯღალოსნებთან“ მარცხი კი კავკასიელების არგუმენტებს გაამყარებს.
ყველაფრის მიუხედავად, იტალიელები თავდაჯერებულნი არიან. „ბენეტონი“ „ლენსტერთან“ საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა, მაგრამ წელს მათ სერიოზული წინსვლა აქვთ.
იტალიური კლუბი ყველა შეხვედრაში აუტსაიდერად აღარ ითვლება და მხოლოდ ის ფაქტი, რომ ისინი Pro14-ის სატურნირო ცხრილში „დრაგონსზე“ და „კინგსზე“ მაღლა არიან, ბევრ რამეზე მეტყველებს.
პირველად მრავალი წლის მანძილზე იტალიაში სარაგბო სისტემა ჩამოყალიბდა, რასაც ისინი ირლანდიელ სპეციალისტს და მის გუნდს უნდა უმადლოდნენ.
ასაკობრივი გუნდები კარგად გამოიყურებიან და შარშან რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც შემოგვთავაზეს – ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საფრანგეთი დაამარცხა, თვრამეტწლამდელებმა ინგლისი, ხოლო ოცწლამდელთა ნაკრებმა კი ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მერვე ადგილი დაიკავა.
სწრაფად ვითარდება „ზებრეც“, რომელსაც კიდევ ერთი ირლანდიელი, მაიკლ ბრედლი წვრთნის. წინა კვირაში „ზებრემ“ „ედინბურგი“ დაამარცხა, რაც მათი მესამე გამარჯვება იყო.
ქართველებთან დაპირისპირება კი იტალიელებს იმის გააზრების საშუალებას მისცემს, თუ რამდენად დიდია მათი პროგრესი.