კონკურს „სუფთა რეგიონის“ ფარგლებში, ყველაზე სუფთა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ნომინაციებში ზუგდიდმა გაიმარჯვა
კონკურს „სუფთა რეგიონის“ ფარგლებში, ყველაზე სუფთა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ნომინაციებში ზუგდიდმა გაიმარჯვა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ყველაზე სუფთა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა, ზუგდიდსვე ხვდა ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაში გამარჯვებაც, სადაც სოფელმა ორსანტიამ გაიმარჯვა.

დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ.

მიმდინარე წელს კონკურსი მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში წარმოუდგინეს ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.