კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა, საბჭო, რომელიც 2027 წლიდან უნდა შექმნილიყო, აღარ შეიქმნება
კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა, საბჭო, რომელიც 2027 წლიდან უნდა შექმნილიყო, აღარ შეიქმნება

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა – საბჭო, რომელიც 2027 წლიდან უნდა შექმნილიყო, აღარ შეიქმნება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტის მიხედვით, კონკურენციის სააგენტოს მართვა იმავე მოდელით გაგრძელდება, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს.

„კონკურენციის შესახებ“ კანონი 2020 წელს ფუნდამენტურად შეიცვალა. ცვლილება, მთელ რიგ საკითხებთან ერთად, კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციურ მოწყობისაც შეეხო. კერძოდ, სააგენტოს მმართველობითი ორგანო, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, პარლამენტის მიერ ხუთი წლის ვადით არჩეული ხუთწევრიანი საბჭო უნდა გამხდარიყო. კანონის თავდაპირველი რედაქციით, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება 2021 წლიდან იყო გათვალისწინებული, თუმცა ამოქმედების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. კანონის ბოლო რედაქციით, აღნიშნული ნორმები 2027 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით რიგი გამოწვევები არსებობს, რომლებიც როგორც სააგენტოს ტექნიკურ-მატერიალურ რესურსებთან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის სახსრების გამოყოფასთან არის დაკავშირებული.