კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ექვსი მოვაჭრე დაჯარიმდა
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ექვსი მოვაჭრე დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ექვს მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ თავიანთი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება  არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ მარია კალუსტიანს – 600 ლარის, შპს „დარიას“ – 1 088.27 ლარის, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს – 600 ლარის, ი/მ ალეკსანდრ ვასილევს – 600 ლარის, შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ – 1 789.22 ლარისა და შპს „ჰარვიდენტს“ 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ინფორმაციისთვის: დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. 2024 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 4 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს 9 700 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 საქმეზე 21 შეთანხმება გაფორმდა“, – აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.