კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ mihouse.ge-სთან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ mihouse.ge-სთან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო მასალების სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე www.mihouse.ge-სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„სააგენტოსა და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ „ჰუალინგთან“ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად მოვაჭრეს დაევალა: გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია; უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს როგორც ადგილზე, ასევე ოფიციალურ ვებგვერდზე www.mihouse.ge;  ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; შეიმუშაოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა ორი თვის ვადა – სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად.

ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის  პირველი ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო შვიდ შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა“, – აღნიშნულია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.