კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ექვს თვეში მომხმარებლებმა უწყებას 213 განაცხადით მიმართეს
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ექვს თვეში მომხმარებლებმა უწყებას 213 განაცხადით მიმართეს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ექვსი თვის განმავლობაში კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე 35 შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ცხრა ფაქტი 22 საქმეზე, ხოლო სამ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 77 პროცენტი ონლაინვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 22 პროცენტი ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 90 პროცენტით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი – ხუთი პროცენტით და აჭარა – ორი პროცენტით.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 62 განცხადება, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე – 67, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 21, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე – 11, ხოლო სხვა დანარჩენზე – 52.

საანგარიშო პერიოდში შემოსული განაცხადების მიხედვით, 74 პროცენტს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება – ათ პროცენტს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 14 პროცენტია“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან ორი წლის ვადაში უფლება აქვს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან, შესაძლოა, დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.

„დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას“, – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.