კონკურენციის სააგენტოს ანგარიში - საწვავის შემომტანი ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი მთლიან იმპორტში 74 პროცენტია
კონკურენციის სააგენტოს ანგარიში - საწვავის შემომტანი ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი მთლიან იმპორტში 74 პროცენტია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდის შუალედურ მიმოხილვას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 30 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 669 167 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი, რაც 3.9%-ით აღემატება 2020 წლის იანვარი-ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელს – 644 288 ათასი ლიტრი. იმპორტის ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა – HHI ინდექსმა შეადგინა 1305 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ხუთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის საერთო წილმა იმპორტში შეადგინა 73.4%-ს, ხოლო სხვა 24 იმპორტიორი კომპანიის წილი – 26.6%-ის ფარგლებშია. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუმინეთიდან – 23.77%, რომელსაც მოყვება თურქმენეთი – 23.75% და რუსეთი – 21.1%. – საერთო იმპორტის 46.7% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 53.3% ბენზინის.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა – 65.8%, ხოლო საერთო იმპორტში – 35.1%. 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდი, ნედლი ნავთობისა და შესაბამისად პლატსის ფასის ზრდის ტრენდით გამოირჩეოდა. პლატსის ფასმა 2021 წლის 4 იანვრის 452 დოლარიანი მაჩვენებლიდან, 30 ივნისის მდგომარეობით 56%-ით გაიზარდა და 705 USD შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 3.6%-ით – 12 პუნქტით გამყარდა, ხოლო ხუთი მსხვილი კომპანიის რეგულარის მარკის საწვავის საშუალო საცალო სარეალიზაციო ფასის ცვლილება დაფიქსირდა 68 თეთრის ოდენობით – 30%. 2020 წლის მონაცემებით, საცალო ბაზარზე, ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი შეადგენდა 56.5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43.5%-ის ფარგლებში იყო. ბაზარზე შეინიშნება ახალი ეკონომიკური აგენტებისა და ზოგადად მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურება. შედარებისთვის, ხსენებული სეგმენტის საერთო წილი 2018 წლის მონაცემებით შეადგენდა 39.6%-ს, 2019 წელს – 39.9 %, ხოლო 2020 წელს 43.5%-ს. 2015 წლის დასაწყისში საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს – 1210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1216-ს შეადგენდა. 2020 წელს, შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა 746 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე კონკურენცია აქტიურია და ფასების ცვლილება გამოწვეულია საბაზრო და საგარეო ფაქტორებით. საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები მსგავსია რეგიონში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ბაზარზე არსებულ სურათთან. ბაზარზე კონკურენტული გარემოს ზოგად შეფასებასთან ერთად, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაკვირვებას საავტომობილო საწვავის საცალო სარეალიზაციო ფასებზე და გარკვეული პერიოდულობით საჯაროდ წარადგენს.