კონკურენციის სააგენტომ USA2GEORGIA-ს შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სს „თითელ აშშ ჯგუფს“ USA2GEORGIA-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის – შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა, – ინფორმაციას ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ მოვაჭრის მიერ სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე გავრცელდა რეკლამა, რომლის მიხედვითაც ამანათის გადაფუთვის მომსახურების ჩართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც რეალობას არ შეესაბამება.
„კერძოდ, სავაჭრო პოლიტიკის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ამანათის მოვაჭრის აშშ-ის ოფისში მიტანამდე. ასევე, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან ნაკლიანი მომსახურების შესრულების ფაქტი. კერძოდ, მომხმარებლებს მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის შესაბამისად გააქტიურებული ჰქონდათ გადაფუთვის მომსახურება, თუმცა USA2GEORGIA-მ გადაფუთვის სერვისი არ განახორციელა, რის გამო მომხმარებლებს ტრანსპორტირების საფასურის გაზრდილი ოდენობით გადახდა მოუწიათ.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა – მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.