კონკურენციის სააგენტომ სწრაფი კვების ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ სწრაფი კვების ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სწრაფი კვების ბაზარზე მოქმედი კომპანიების დავაზე, შპს „წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკითხი ეხება ორი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას/მიმსგავსებას.

„ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მიმდინარე რეჟიმში მოკვლევის ხუთ საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, ბილეთების ონლაინ რეალიზაციისა და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.