კონკურენციის სააგენტომ საცალო ბაზარზე პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის რეკომენდაციები გასცა
კონკურენციის სააგენტომ საცალო ბაზარზე პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის რეკომენდაციები გასცა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სადისტრიბუციო კომპანიებსა და საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს შორის პრობლემურად მიჩნეულ საკითხებზე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში იმსჯელა და შესაბამისი რეკომენდაცია გასცა.

უწყება განმარტავს, რომ მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს უნდა გამოევლინა პრობლემურად წარმოჩენილი გარემოებები, შეიძლებოდა თუ არა მოქცეულიყო აკრძალულ ქმედებებში კანონის მე-6 (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) და მე-7 მუხლები (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება).

შესწავლილი იქნა 73 სადისტრიბუციო კომპანიისა და 16 სავაჭრო ქსელის მონაცემები – ხელშეკრულებები, ჯამური ბრუნვები 2018–2019 წწ. ფილიალების რაოდენობა და მოცულობები, სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტი.

სააგენტოს შეფასებით, კვლევის პროცესში, შესაბამის პროდუქციულ ბაზრად განისაზღვრა საცალო ვაჭრობის ობიექტების მიერ პროდუქციის საბითუმო შესყიდვის ბაზარი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცავს, როგორც ქსელურ სავაჭრო, ასევე სხვა შემსყიდველ ობიექტებს.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2019 წლის მონაცემებით, მთლიან ბაზარზე საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წილი განსაზღვრული იყო 31 პროცენტით, სხვა შემსყიდველებზე მოდის 69 პროცენტი. ცალკე იქნა შეფასებული თბილისის ბაზარზე არსებული სურათიც – იგივე პერიოდში, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წილი განსაზღვრული იყო 40,5 პროცენტით, სხვა შემსყიდველებზე მოდის 59,5 პროცენტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქსელური მარკეტების წილი ბაზარზე, ბოლო წლებში, მზარდია“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე არსებული სურათი გამორიცხავს რომელიმე ცალკე აღებული ვაჭრობის საცალო ქსელის ობიექტის დომინირებულ მდგომარებას ან ჯგუფური დომინირების შემთხვევას. შესაბამისად, მხარეების მიერ დასმული პრობლემები არ შეიძლება, იყოს გამოწვეული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით (კანონის მე–6 მუხლი).

„საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტ ქალაქში წარმოდგენილია – შპს „სან სთორზი“ (28 ქალაქი) და შპს „ს მარკეტი“ (23 ქალაქი), თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ეკონომიკური აგენტები წარმოადგენენ სპეციფიკურ – ავტოგასამართ სადგურზე მოქმედ მარკეტებს. საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტ ქალაქში გვხვდება შპს „ორი ნაბიჯი“ (18 ქალაქი) და ყველაზე ცოტა ქალაქშია წარმოდგენილი სს „გუდვილი“ (3 ქალაქი). ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ფილიალების რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზეა შპს „ორი ნაბიჯი“ (207 ფილიალი) და ყველაზე ნაკლები ფილიალი აქვს სს „გუდვილს“ (10 ფილიალი). შეთავაზებული პროდუქციის დასახელებათა ყველაზე ფართო ასორტიმენტით ლიდერობს შპს „მაჯიდ ალ ფუდტაიმ ჰიპერმარკეტი“ და ბოლო პოზიციაზეა შპს „ს მარკეტსი“, – აცხადებს კონკურენციის სააგენტო.

უწყების განმარტებით, მეორე პრობლემატური საკითხი შეეხებოდა სხვადასხვა ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერს „მიწოდების უდაბლესი ფასის შესახებ“. სააგენტოს მიერ აღნიშნული განიმარტა, როგორც ერთი ქსელის მფლობელობაში არსებულ მაღაზიებს შორის დაწესებული პირობა და არა სხვა ქსელის მაღაზიებთან (კონკურენტებთან) დაკავშირებული საკითხი. შესაბამისად, აღნიშნული საკითხიც არ იქნა მიჩნეული კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად (კანონის მე–7 მუხლი).

„მონიტორინგის პროცესში, შესწავლილი იქნა ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე დადასტურდა, რომ ანალოგიურ პრობლემებს აწყდებოდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, იაპონია და კონკურენციის სამართლის ფარგლებში, ვერც ამ ქვეყნებში მოხერხდა აღნიშნული საკითხების მოწესრიგება. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია და გასცა რეკომენდაცია – დაწყებულ იქნეს მუშაობა საცალო ვაჭრობის ბაზრის შედარებით სუსტი მოთამაშეების ინტერესების დამცავი საკანონმდებლო ნორმების შემოღების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე“, – აცხადებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

„საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების“ ბაზრის მონიტორინგი კონკურენციის სააგენტომ 2019 წლის ივლისში, პარლამენტის წევრ ბექა ნაცვლიშვილისა და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

დატოვე კომენტარი