კონკურენციის სააგენტომ ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო-საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების ბაზრებზე, ორი კომპანიის კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რომელიც  სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. ეკონომიკურ აგენტს გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა და ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა ეთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს განხორცილებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლა. ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ – ამა წლის 12 მაისამდე: ელ. ფოსტაზე [email protected] ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა ხუთ მილიონ ლარზე მეტია.

სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან“, – აცხადებენ სააგენტოში.

უწყების ინფორმაციით, 2021-2022 წლებში, სამი კონცენტრაცია (შერწყმა) შედგა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით. ერთი კონცენტრაცია (გაერთიანება) სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ეკონომიკურ აგენტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა. საკითხის შესწავლის შემდეგ გაიცა თანხმობა.