კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ქმედებების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ქმედებების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტომ შპს ,,ალგორითმის“ წარმომადგენლის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელიც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის  შესაძლო ქმედებების ფაქტს ეხება, მოკვლევა დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, მომჩივანი სააგენტოში წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ადგილი აქვს კონკურენტი კომპანიის სახელითა და რეპუტაციით სარგებლობას, განხორციელდა დომეინ მისამართის მისაკუთრება, არის მსგავსება ლოგოებსა და კონკურენტი ეკონომიკური აგენტების სარეგისტრაციო მისამართებს შორის.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, საჩივარში დასმული საკითხების დეტალურ შესწავლას განახორციელებს.

კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს ერთი მოკვლევა დაასრულა, სადაც დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ოთხი მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ ხუთი ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, მიმდინარეობს სამის მონიტორინგი. ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ ერთი თანხმობა გაიცა.