კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს „ჯი-თი მოტორსის“ საჩივრის საფუძველზე მოკლევა დაიწყო.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, თემა ეხება კონკურენტი კომპანია „შპს ჯ.თ. მოტორსის” მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს. საჩივარში საუბარია, ავტოტექმომსახურეობის სფეროში, საქმიანობის იდენტურობაზე –  როგორც ლოგოს, ასევე კომპანიის დასახელების მიზანმიმართულ მსგავსებაზე, რაც მომჩივანის პოზიციით, პოტენციური მომხმარებლის და ასევე პარტნიორი კომპანიების დეზინფორმირებას, შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

„არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კონკრეტული შემთხვევები მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში, რომელიც ითვლისწინებს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და კონკურენტთა, მომხმარებელთა ინტერესებს ლახავს. შესაბამისად, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელთაც დადგენილ ვადებში, შესაბამის ბაზარზე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, საქმიანი ეთიკის პრინიციპების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაევალათ.

2020 წლის იანვარ-მაისში კონკურენციის სააგენტომ ერთი მოკვლევა დაასრულა, სადაც დადგინდა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. ამ დროისათვის, ზემოთ აღნიშნული თემის გარდა, მიმდინარე რეჟიმშია ორი მოკვლევა.

ამავე პერიოდში, სააგენტომ ოთხი ბაზრის მონიტორინგი დაასრულა (ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, რითეილის, ჩვილ ბავშთა კვების და ავტოდაზღვევის ბაზარი), მიმდინარეობს სამი ბაზრის (პურ პროდუქტები, საავტოობილო საწვავი და ფარმაციის ბაზარი) მონიტორინგი“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.