კონკურენციის სააგენტო მომავალი წლიდან ფარმაცევტულ ბაზარს შეისწავლის
კონკურენციის სააგენტო მომავალი წლიდან ფარმაცევტულ ბაზარს შეისწავლის

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს შეისწავლის.

როგორც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა განაცხადა, 2019 წლიდან სააგენტო აქტიურად იწყებს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას. საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაცია გასცა.

ნოდარ ხადურის განმარტებით, პროექტი გრძელვადიანია და ეტაპებად დაიყოფა. მისივე თქმით, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს გეგმაზე, რომელსაც სააგენტო პარლამენტსა და სახალხო დამცველს წარუდგენს.

პარალელურად, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები ბიზნესთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფარმაცევტებთან იმის შესახებ, თუ რომელი მიმართულებით დაიწყოს კვლევა.

როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, აქტიური მონიტორინგი სხვადასხვა მედიკამენტსა და მის ჯგუფებზე დაიწყება.