კონკურენციის სააგენტო - მიმდინარე წლის შვიდ თვეში მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის 40 მოვაჭრე 33 000 ლარით დაჯარიმდა
კონკურენციის სააგენტო - მიმდინარე წლის შვიდ თვეში მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის 40 მოვაჭრე 33 000 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 2025 წლის შვიდ თვეში 733 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2310 შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემოსული განცხადებების რაოდენობა 45%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.

საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 87 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 130 საქმეზე.

სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 40 მოვაჭრეს 75 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში, 33 000 ლარის ოდენობით.

მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 104 საქმეზე 94 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

ამასთან, როგორც კონკურენციის სააგენტოში აღნიშნავენ, 2025 წელს მომხმარებლის მიერ შესული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%-ით, იმერეთი – 4%, კახეთი – 3%, ქვემო ქართლი – 2% და სხვა რეგიონები.

„შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა – 245, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე – 231, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე – 125, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე – 44, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 26, ხოლო სხვა დანარჩენზე 62 განაცხადი.

სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება – 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა – 17%-ს“, – აღნიშნავენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.