კონკურენციის სააგენტო „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გაერთიანების საკითხს შეისწავლის
კონკურენციის სააგენტო „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გაერთიანების საკითხს შეისწავლის

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ შორის განხორციელებულ კონცენტრაციასთან (გაერთიანება) დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2022 წლის 27 აპრილს, „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ განხორციელდა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ შეძენა/კონტროლის მოპოვება. აღნიშნული კონცენტრაცია, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებდა სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას.

„კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა.

მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტო განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს.

ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ მიმდინარე წლის 8 ივლისამდე, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: [email protected] ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.

სააგენტოსათვის წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი წლიური ბრუნვა აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება ხუთ მილიონ ლარს.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ აღემატება წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 5%-ს. კონცენტრაციის საფასურია 5 000 ლარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობითვე, 2022 წლის იანვარ-ივნისში, კონკურენციის სააგენტომ ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.