კონკურენციის სააგენტო - 2025 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დაფიქსირებული განაცხადების რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 40%-ით აღემატება
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში 2025 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 318 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო სააგენტოში შესული ზარების რაოდენობამ 943 შეადგინა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, შესული განცხადებების რაოდენობა 40%-ით აღემატება 2024 წლის პირველ კვარტალში შესული განცხადებების რიცხვს.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 19 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 40 საქმეზე. ასევე, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს 25 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში, 13 573 ლარის ოდენობით. მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე 44 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
„2025 წელს მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 72% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 28% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 78%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი – 5%, აჭარა – 4%, კახეთი 4% და სხვა რეგიონები. სამი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 112 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე – 83, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე – 63, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე – 24, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 15, ხოლო სხვა დანარჩენზე – 21. სტატისტიკის მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება – 13%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა – 13%-ს“, – აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.