წყალბურთში საქართველოს 2018/19 წლების ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. შეხვედრებს თბილისის საცურაო კომპლექსი „ოლიმპიკის“ აუზი მასპინძლობს. ჩემპიონატის პირველი წრის დარჩენილი მატჩები 20 დეკემბრიდან გაიმართება.
წლეულს ჩემპიონატში 5 გუნდი იასპარეზებს. წინა სეზონების მსგავსად, წლეულს ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. ოქროს მედლებისთვის ბრძოლას შარშანდელი ფინალისტები, თბილისის „დინამო“ და „ლოკომოტივი“ აპირებენ. საჩემპიონო ბრძოლის კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატი კლუბი „თბილისია“, რომელიც წლეულს საგრძნობლად გაძლიერდა.
„ლოკომოტივის“ და „დინამოს“ კაპიტნებმა მიმდინარე სეზონზე პირველ არხთან ისაუბრეს.
„მიხარია, რომ წელს ჩემპიონატი პროგნოზირებადი არ იქნება. ჩვენი და „დინამოს“ დაპირისპირებაში, შესაძლოა, „თბილისიც“ ჩაერთოს, რაც ჩემპიონატს ინტერესს შემატებს და დონის გაზრდას ხელს შეუწყობს,“ – ამბობს თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი, ეროვნული ნაკრების წევრი კოტე გეგელაშვილი.
თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზუკა რურუა კი ჩემპიონატის დონეზე საუბრობს –
„საქართველოს ჩემპიონატი ტოპ-ლიგების დონისგან შორსაა, მაგრამ ჩვენი მთავარი საფიქრალი ეროვნული ნაკრებია. ჩემპიონატში კონკურენციის გაზრდა კი გუნდებსაც წაადგება და თითოეულ ჩვენგანს“.