კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარზე მოკვლევა დაიწყო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარი დასაშვებად ცნო. სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც დაევალა – კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით, შეისწავლოს და მოამზადოს სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტი.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი შეეხება – სათარჯიმნო სექტორში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება), მეშვიდე (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) და მე-11(3) (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს.
2021 წელს კონკურენციის სააგენტომ ორი მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია – სამი საქმე და ორ საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. მიმდინარე რეჟიმშია ორი ბაზრის – საავტომობილო საწვავისა და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დაასრულა.