კონკურენციის ეროვნული სააგენტო კომპანიების კონცენტრაციის სამ საქმეს სწავლობს
კონკურენციის ეროვნული სააგენტო კომპანიების კონცენტრაციის სამ საქმეს სწავლობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის (შერწყმა) კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის სამ საქმეს სწავლობს. თემა ეხება „რონიკოს“ მიერ „ართთაიმის“ 100%-იანი წილის, „სილქ როუდ ენჯინიარინგის“ მიერ „ფარმარეას“ 100%-იანი წილისა და ფ/პ თემურ ბოლქვაძის მიერ „ლეგომეტალის“ 100%-იანი წილის შეძენას.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონიტორინგისას დადგინდა სააგენტოსთვის შეუტყობინებლად აქსესუარების და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში, შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის ბაზრებზე კონცენტრაციის შემთხვევები.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შედეგად, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტების მიმართ გამოყენებული იქნა საჯარიმო სანქციები და მათ კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შეტანა დაევალათ.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ არაუგვიანეს 2023 წლის 19 აპრილისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: [email protected] ან მისამართზე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.

ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა ხუთ მილიონ ლარზე მეტია. ჯარიმის დაკისრება შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს.

სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები, მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5 000 ლარით არის განსაზღვრული“, – აცახდებენ სააგენტოში.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ ექვს კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან ორი გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა.