კონგრესში მარკ ცუკერბერგის მოსმენის შემდეგ, Facebook-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა
Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სამშაბათს აშშ-ის კონგრესში დაგეგმილი ორი მოსმენიდან პირველს ჩვენება ისე მისცა, რომ ახალი რეგულაციების მხარდაჭერის ან სოციალური ქსელის მართვის სტილში რაიმე ცვლილების შესახებ დაპირება არ გაუკეთებია.
დაკითხვაში, რომელიც თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა, მონაწილეობას 44 სენატორი იღებდა. ცუკერბერგმა საბოდიშო განცხადებები არაერთხელ გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობას სრულად იღებს საკუთარ თავზე.
ამის მიუხედავად, 33 წლის ინტერნეტმაგნატმა მოახერხა თავიდან აეცილებინა პირობის მიცემა ან ცალსახა პასუხი, დაუჭერს თუ არა მხარს კონგრესის ახალ რეგულაციებს, რომლებიც Facebook-სა და აშშ-ში მოქმედ სხვა ინტერნეტკომპანიებს შეეხება.
„მე დავავალებ ჩემს გუნდს, თქვენთან ამ საკითხებზე ითანამშრომლონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დისკუსიაში, რომელიც ჩემი აზრით საჭირო იქნება, რომ გაიმართოს“, – უპასუხა ცუკერბერგმა კითხვაზე, რა ახალი რეგულაციების მიღებას მიიჩნევს საჭიროდ.
აღსანიშნავია, რომ ცუკერბერგის გამოსვლამ ინვესტორების კმაყოფილება გამოიწვია. მოსმენაზე პირველი შესვენების დროს Facebook-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური ქსელის ღირებულებამ სამი მილიარდი დოლარით მოიმატა.
საკუთარ ჩვენებაში ცუკერბერგმა აღიარა, რომ 2015 წელს, როცა მათ „კემბრიჯ ანალიტიკას“ მიერ სოციალური ქსელის მომხმარებლების მონაცემთა მითვისების შესახებ შეიტყვეს, ფედერალური სავაჭრო კომისიისთვის მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
„ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, წარმოუდგენელია, დააარსო კომპანია სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში, შემდეგ ამ მასშტაბებამდე გაზარდო და ამ პროცესში შეცდომები არ დაუშვა. რადგანაც ჩვენი სერვისის ხასიათი ისეთია, რომ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებასა და ინფორმაციის გაცვლას ემსახურება, შეცდომებიც მრავალფეროვანი იყო“, – მიმართა კონგრესმენებს ცუკერბერგმა.
თუმცა, მისი თქმით, Facebook-მა მონაცემთა გაჟონვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ზომები გაატარა.
„ჩვენ გავაუქმეთ აპლიკაცია და მოვთხოვეთ დეველოპერებსა და „კემბრიჯ ანალიტიკას“, რომ წაეშალათ ყველა მონაცემი, რომელიც მანამდე ჰქონდათ მოპოვებული. მათ გვითხრეს, რომ ასეც მოიქცნენ. ამ გადასახედიდან, დიდი შეცდომა იყო მათი ნდობა. ჩვენ სიღრმისეულად უნდა გამოგვეძიებინა და სრული აუდიტი ჩაგვეტარებინა. ასეთ შეცდომას მომავალში აღარ დავუშვებთ“, – განაცხადა ცუკერბერგმა.
ცუკერბერგმა ბრიტანული ანალიტიკური კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკას“ საქმესთან დაკავშირებით კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხა.
ბრალდების მიხედვით “ფეისბუქმა” ამ კომპანიას 87 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საშუალება მისცა.
მანამდე კონგრესმა გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ დამფუძნებლის ჩვენების ტექსტი, რომელშიც ცუკერბერგი ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.
11 აპრილს მარკ ცუკერბერგი წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტების წინაშეც წარდგება.
ბრიტანული კომპანიის „კემბრიჯ ანალიტიკას“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა. ამერიკული მედიის გამოძიებიდან კი ირკვევა, რომ ეს კომპანია მსოფლიოს გარშემო 200-ზე მეტ პლებისციტში ჩაერია. მათ შორის იყო არჩევნები კენიაში, ჩეხეთში, ნიგერიაში, ასევე ბრექსითის შესახებ რეფერენდუმი.